თბილისში, ირემაშვილის ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელს რეაბილიტაცია უტარდება
თბილისში, ირემაშვილის ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელს რეაბილიტაცია უტარდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თბილისში, ირემაშვილის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

უწყების დაფინანსებით, სამსართულიანი შენობის წყალკანალიზაციის სისტემას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

როგორც დევნილთა სამინისტროს აცხადებენ, ირემაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ეს საკითხი წლების განმავლობაში აწუხებდა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს და მისი ღირებულება 50 000 ლარზე მეტს შეადგენს. ახალი საცხოვრებელი ფართების გადაცემის პარალელურად, სამინისტრო იმ ობიექტების რეაბილიტაციასაც ახორციელებს, სადაც დევნილი ოჯახები უკვე წლებია ცხოვრობენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე, სამინისტროს ბიუჯეტით დევნილთა საცხოვრებელი 500-მდე შენობის წყალკანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.