თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ
თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტერიტორიის მესაკუთრე კომპანია „ავერსის“ მიერ კლინიკის სახურავის შეკეთების მიზნით ადმინისტრაციულ შენობასთან ჯებირების აღმართვას აპროტესტებენ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი განმარტავს, ჯებირები შეუძლებელს ხდის პაციენტების მიღებასა და კლინიკის მუშაობის პროცესს აფერხებს.

ტერიტორია, სადაც ინფექციური საავადმყოფოს და შიდსის ცენტრის შენობაა განთავსებული, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და შენობების რეაბილიტაციასაც ვერ ახდენენ, რადგან ის კერძო საკუთრებაშია.

შენობის იჯარის ფართს სახელმწიფო ფარავდა. ამასთან ცენტრს ახალი შენობის აშენების პირობა მისცა. გასული წლის ნოემბერში, როდესაც „ავერსის“ მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი ნაგებობის დემონტაჟს კლინიკის პერსონალის პროტესტი მოჰყვა, „ავერსმა“ განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან კლინიკის პერსონალი ფართში უკანონოდ იმყოფება და არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად უცნობია კონკრეტული ვადა, თუ „როდის დაუბრუნებს კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ დაკავებულ შენობებს“.

„მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ განხორციელდება არაერთი ახალი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა, არსებული სერვისების გაფართოება, რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება“, – აცხადებენ კომპანია.