თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ავთენტური სახით შემორჩენილი ოთახი აღმოაჩინეს [ფოტოები]
თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ავთენტური სახით შემორჩენილი ოთახი აღმოაჩინეს [ფოტოები]

თბილისში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმი ივ. ჯავახიშვილის N7-ში, სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, ავთენტური სახით შემორჩენილი ოთახი აღმოაჩინეს. მწვანე მოხატული კედელი რესტავრატორებმა ბათქაშის რამდენიმე ფენის მოხსნის შემდეგ აღმოაჩინეს. სამუშაოების ხელმძღვანელის, მხატვარ-რესტავრატორ დავით გაგოშიძის ინფორმაციით, ეს სწორედ კედლის ის მორთულობაა, რომელიც ოთახს ჭავჭავაძეების ოჯახის ცხოვრების პერიოდში გააჩნდა. ილია ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის, ოლღას საძინებელი ერთ-ერთია სამ სართულიან ნაგებობაში იმ რამდენიმე ოთახიდან, რომელიც ავთენტური სახითაა შემორჩენილი. ასეთი ოთახებია კაბინეტი და სასტუმრო ოთახი.

გადახურვა-გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, შიდა ინტერიერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის, ნინი სანადირაძის ინფორმაციით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ამ შენობაში 15 საგამოფენო სივრცე მოეწყობა და ისინი შშმ პირებისთვისაც იქნება ადაპტირებული.

იგეგმება სარდაფის ახალი ფუნქციით დატვირთვაც. მუზეუმების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ადგილი სადაც გამომცემლობა „ივერიას“ სტამბა იყო განთავსებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ილიას ეპოქა გაცოცხლდება. მანამდე კი, უკვე პირვანდელი სახითაა აღდგენილი ცნობილი შუშაბანდი, რომელიც იმდროინდელი საინტერესო ადამიანების თავშეყრის ადგილი ხშირად ყოფილა.

რეაბილიტაციის დასრულებას ერთ წელიწადში ვარაუდობენ. ამ ეტაპზე, სამუშაოებისთვის თბილისის განვითარების ფონდის განმარტებით ოთხ მილიონ ლარამდეა დახარჯული.