თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ საკომიტეტო მოკვლევა იწყება
თბილისში ჰაერის დაბინძურების შესახებ საკომიტეტო მოკვლევა  იწყება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ახალი ინიციატივა – „საკომიტეტო მოკვლევა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ დღეიდან იწყება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა, რომელიც ჰაერის დაბინძურების პრობლემას შეეხება, საპარლამენტო ცხოვრებაში სიახლეა,  რომელიც პირველად საპილოტე რეჟიმში დაინერგა და ეფექტური მექანიზმია, რათა პარლამენტმა ზედამხედველობის ფუნქცია განახორციელოს.

საკომიტეტო მოკვლევის შედეგად შემუშავდება ახალი საკანონმდებლო ინიციატივა.

თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კომიტეტი აღმასრულებელ უწყებებს ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს წარუდგენს და მათ შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლს განახორციელებს .

საკომიტეტო მოკვლევისთვის 15 წევრიანი სამუშაო ჯგუფი იქმნება.

სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: კახაბერ კუჭავა, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ლევან კობერიძე, დავით სონღულაშვილი, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, გია გაჩეჩელაძე, გუგული მაღრაძე, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, თინათინ ბოკუჩავა და ემზარ კვიციანი.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კომიტეტის წევრები გაეცნობიან ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, წერილობითი ფორმით მოწოდებულ დადასტურებულ პოზიციას.

დადასტურებული პოზიცია გულისხმობს: წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით (TOR), წერილობითი ფორმით, მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარებულ დოკუმენტს, სადაც იქნება მოყვანილი ის გარემოებები, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენენ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე . პოზიციების მიღება დღეიდან იწყება და პირველ ივნისამდე გაგრძელდება.