თბილისში, გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის, ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება
თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის (ე.წ. Yellow box-ის) დანერგვის შესახებ.
როგორც კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკაში ეს არის აპრობირებული მეთოდი იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც საავტომობილო ნაკადი დიდია და მხოლოდ შუქნიშნით მოძრაობის რეგულირება საკმარისი არ არის.
„ალბათ ყველა, ვინც საჭესთან ვართ, შევსწრებივართ შემთხვევებს, როდესაც გზაჯვარედინზე ანთებულია მწვანე, მაგრამ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მძღოლები მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას, ამით კი სხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით. ყოველდღიურად გვხვდება მოძრაობის ასეთი ჩაკეტვა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და პრობლემად იქცევა. შესაბამისად, ეს საჭიროებს დარეგულირებას. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის, სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას, თუმცა რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინებზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი (ე.წ. Yellow box). ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და, შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად, პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა. ამ ტიპის პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, მინდა, დავავალო ჩვენს სამსახურს – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, დაიწყონ მუშაობა ამ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში, რომ გარკვეულწილად მძღოლებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ისაუბრა ბოლო წლებში თბილისში გაზრდილი კერძო ავტომობილების რაოდენობის შესახებაც და აღნიშნა, რომ, სტატისტიკის თანახმად, დღეს პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.
„თბილისში ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ქალაქში გადაადგილება, განსაკუთრებით კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში, პრობლემურია და გვაქვს საცობები. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა, პირობითად, 2012 წლამდე, ეს იყო, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი, დღეს კი უკვე პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაწყებულია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება – „ჭკვიანი“ შუქნიშნების დანერგვა, კონკერტული პრობლემური არეალების მოწესრიგება, ასევე საგზაო კვადრატების ქსელის შექმნა და ა.შ.