თბილისში გაზის კომერციული ტარიფი იზრდება
თბილისში გაზის კომერციული ტარიფი იზრდება

თბილისში გაზის კომერციული ტარიფი იზრდება. განცხადებას კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, დღეს მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს მიმდინარე ხარჯები და გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

„გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს, როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს“, – აცხადებენ გაზგამანაწილებელ კომპანიაში და განმარტავენ, რომ მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება ერთ კუბურ მეტრზე 46,139 თეთრი.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი აქამდე ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 80.5 თეთრი იყო.