თბილისში ევროპული სკოლა გაიხსნება, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეები ისწავლიან
თბილისში ევროპული სკოლა გაიხსნება, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეები ისწავლიან

საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა იგეგმება, სადაც ქართველ მოზარდებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებიც შეძლებენ სწავლას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და სკოლა მუშაობას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს – ამის შესახებ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გახდა ცნობილი.

კერძოდ, აღნიშნულ ინიციატივაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჩხენკელი, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი კრისტიან დანიელსონი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და სხვა პირები ესწრებოდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა თბილისში განთავსდება, სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო როგორც სკოლამდელი განათლების, ასევე, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული განათლებისა და მეცნიერების განვითარების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა განათლების ყველა საფეხურზე ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე.

მინისტრმა ისაუბრა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე სიახლეებზე. მათ შორის, პროფესიული კოლეჯების უმაღლესი განათლების ბაზაზე დაფუძნების საკითხზე, პროფესიული განათლების სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში აგრარული კოლეჯის განვითარების და სხვა საკითხებზე.