თბილისში ევროპის საბჭოს რეგიონული კონფერენცია, „მედია ომის დროს“ მიმდინარეობს
თბილისში ევროპის საბჭოს რეგიონული კონფერენცია, „მედია ომის დროს“ მიმდინარეობს

თბილისში ევროპის საბჭოს რეგიონული კონფერენცია, „მედია ომის დროს“ მიმდინარეობს. კონფერენცია ორდღიანია და მოიცავს ხუთ თემატურ პანელურ დისკუსიას ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მედიის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების გარშემო.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ მედიის სფეროში მოღვაწე მხარეები და ჟურნალისტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ასევე, ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში ორი დამატებითი ღონისძიება გაიმართება: „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ჟურნალისტური საქმიანობა“ და დოკუმენტური ფილმის ჩვენება ომის დროს ჟურნალისტების მუშაობის შესახებ, რომელიც 2022 წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე ევროპის საბჭოს საინფორმაციო საზოგადოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პატრიკ პენინსქმა განაცხადა, კონფერენციაზე ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას ომის რეალობაზე, სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციაზე.

„ეს რეგიონული კონფერენციაა. ჩვენ ვცდილობთ, გავაერთიანოთ ხუთი ქვეყნის მედიის წარმომადგენლები ომის რეალობაზე, ასევე სიძულვილის ენაზე, დეზინფორმაციაზე, ასევე სხვა სფეროებზე ომის გავლენაზე სასაუბროდ. ჩვენ გვინდა, ამ საკითხებზე ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია, გამოცდილება და პრაქტიკა“, – განაცხადა პატრიკ პენინსქმა.

კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილის, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სვიტლანა ოსტაფას თქმით, ძალიან რთულია, ომში იყო ჟურნალისტი და ამავდროულად იყო მოქალაქე.

„ჩვენ, უკრაინელები ვერც კი ვიფიქრებდით, რომ 21-ე საუკუნეში, ფაქტობრივად ევროპის ცენტრში შეიძლებოდა, ყოფილიყო ასეთი საშინელი მოვლენა – გენოციდი, ტერორიზმი მთელ მსოფლიოში. 24 თებერვალს მასობრივი ევაკუაცია დაიწყო, თუმცა ჟურნალისტები მუშაობას ვაგრძელებდით უკრაინაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ტელევიზიაც მუშაობდა. ევაკუაცია კიევიდან ჩვენც მოგვიწია, მაგრამ ლვოვიდან გავაგრძელეთ მუშაობა. ძალიან რთულია, ომში იყო ჟურნალისტი და ამავდროულად იყო მოქალაქე“, – განაცხადა სვიტლანა ოსტაფამ.

კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმაც. როგორც კასიანოვმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სწორედ ევროპის საბჭოს მიერ არის ორგანიზებული რეგიონული კონფერენცია, რომლის სახელწოდებაა „მედია ომის პირობებში“.

მისივე თქმით, უკრაინის ამჟამინდელ რეალობაში ჟურნალისტების ობიექტურობა და სანდო ინფორმაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„სიმბოლურია, რომ სწორედ ევროპის საბჭოს მიერ არის ორგანიზებული ეს რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით, „მედია ომის პირობებში“. კონფერენცია იხსნება ფოტოგამოფენით, რომელიც კარგი დემონსტრაციაა, რამდენად გმირული და თავდადებული იყო ჟურნალისტების საქმიანობა უკრაინაში მიმდინარე ბრძოლის წინა ხაზზე. ეს აჩვენებს, როგორ იბრძოდა მთელი ცივილიზებული სამყარო გლობალური ბოროტების წინააღმდეგ, რომელსაც ჰქვია რუსეთის ფედერაცია. 10-11 ოქტომბერს უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მასირებული სარაკეტო თავდასხმებით, რუსეთმა და მისმა კრიმინალურმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ის არის ტერორისტი ქვეყანა და იყენებს მხოლოდ ტერორისტულ მეთოდებს თავისი მიზნების მისაღწევად. ჟურნალისტების ობიექტურობა და სანდო ინფორმაცია უკრაინის ამჟამინდელ რეალობაში უკიდურესად მნიშვნელოვანია და წარმოადგენს რუსეთის ფაშიზმის მხრიდან ომის დანაშაულების უტყუარ მტკიცებულებას, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის. იარაღი, რომელსაც პუტინი ე.წ. „მაღალი სიზუსტის“ იარაღს უწოდებს, სულ უფრო მეტ ტანჯვას აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას, ქალებსა და ბავშვებს და სამწუხაროდ, ჟურნალისტები გამონაკლისები არ არიან. შესაბამისად, ჩვენ ქედს ვიხრით იმ უკრაინელების წინაშე, რომლებიც დაიღუპნენ თავიანთი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ასევე იმ უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტების წინაშე, რომლებიც მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაიღუპნენ“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

კონფერენციაში, „მედია ომის დროს“ მონაწილეობს საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე.