თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორდღიანი რეგიონული კონფერენცია დასრულდა
თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორდღიანი რეგიონული კონფერენცია დასრულდა

თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორდღიანი რეგიონული კონფერენცია-სემინარი „ციფრული ტრანსფორმაცია“ დასრულდა. ღონისძიება პირველი არხის მასპინძლობით გაიმართა.

პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, სემინარი ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა.

„გარდა თეორიული ცოდნისა, მივიღეთ პრაქტიკული გამოცდილება, რადგან ვიმუშავეთ ჯგუფში. მოხარული ვარ, რომ ათი ქვეყნის წარმომადგენელმა გაგვიზიარა ათი საუკეთესო გამოცდილება. დაიგეგმა სამომავლოდ კიდევ არაერთი შეხვედრა. გარდა იმისა, რომ მაისში ვუმასპინძლებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის სკოლას, ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივის ფარგლებში ვაგრძელებთ მუშაობას და სამომავლოდ კვლავ შევიკრიბებით“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ​​ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის რეგიონული სკოლა, რომელიც საქართველოში იმუშავებს, მიზნად ისახავს, გააერთიანოს რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები.

„როგორც უკვე ვთქვით, დავიწყებთ მობილური ჟურნალისტიკის პრაქტიკული სწავლებით. მონაწილეობას მიიღებს 50-მდე ჟურნალისტი რეგიონიდან. საქართველოდან ჩაერთვება 15 ჟურნალისტი, რომლებიც უფასოდ გადამზადდებიან. ეს ჟურნალისტები იქნებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები, თუმცა არ გამოვრიცხავთ და აბსოლუტურად რეალურია, რომ სხვებსაც მივცეთ საშუალება, მით უფრო დამწყებ ჟურნალისტებს, მიიღონ ახალი გამოცდილება. ახალი მედია ძალიან ვითარდება საქართველოში და მოხარული ვიქნებით, თუ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ციფრული ტრანსფორმაციის უფროსის, ეზრა ემანის განცხადებით, თბილისში გამართული კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო, რადგან საუბარი საერთო გამოწვევებს ეხებოდა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩამოვსულიყავით საქართველოში და რეგიონის უამრავი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი ერთად შეგვეკრიბა ციფრულ ტრანსფორმაციაზე სასაუბროდ. ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს გარდაქმნას, როგორ ცვლი შენს კომპანიას, სტრუქტურას, როგორ უნდა მიაღწიო უკეთ შენს აუდიტორიამდე, რა ტიპის კონტენტი უნდა შექმნა. ორდღიანი კონფერენციის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ გვაქვს საერთო გამოწვევები, თუმცა რაც მთავარია, მივხვდით, რომ ზოგიერთი გამოწვევის გადალახვა ერთობლივად შეგვიძლია“, – აღნიშნა ეზრა ემანმა.

თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის სკოლაში კურსის გავლის მსურველთათვის ინფორმაცია უახლოეს მომავალში პირველი არხის ვებგვერდზე (1tv.ge) ​განთავსდება.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლები პირველ არხს 12 თებერვალს ესტუმრნენ და მისი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა. გუშინ გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია-სემინარი, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თანამშრომლობითა და დაფინანსებით, საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური, რეგიონული აკადემია იმუშავებს. აკადემიაში ტრენინგები უფასოდ ჩატარდება. ჟურნალისტთა რეგიონულ აკადემიაში ტრენინგები ჩაუტარდებათ ჟურნალისტებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

ორდღიანი რეგიონული კონფერენცია-სემინარის მთავარი მიზანი რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის ციფრული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარება იყო. კონფერენციაში ათი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის გერმანიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და მაკედონიიდან.