თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე სავარაუდოდ არასრულწლოვანი დაასაქმეს
თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე სავარაუდოდ არასრულწლოვანი დაასაქმეს

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ მშენებლობაზე სავარაუდოდ არასრულწლოვანი დაასაქმეს. საქართველოს პირველ არხს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა, რომ საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა.

„მეორე კვირაა, ინტეგრირებული მონიტორინგის ჯგუფებით დაკომპლექტებული ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს მშენებლობაზე ვნახეთ 16 წლის მოზარდი და რეაგირება მოვახდინეთ, ადგილზე მუშაობა შეჩერებულია. მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს, გამოძიება დაწყებულია და რეაგირება უმკაცრესი იქნება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტზე არასრულწლოვნის დასაქმება კანონით აკრძალულია. კომპანია ვალდებულია, ვიზიტორების კონტროლიც განახორციელოს. ასეთ ობიექტზე უცხო პირის მოხვედრაც კი დარღვევად ითვლება და ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით.

მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ არასრულწლოვანი მშენებლობაზე დასაქმებულ ბიძაშვილთან იყო მისული და თავად არ მუშაობდა.

23 ივლისიდან სამშენებლო ობიექტებზე კონტროლის მექანიზმი გამკაცრდა. სამი უწყების – თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, შრომის ინსპექციისა და ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები ერთდროულად ამოწმებენ თბილისში მდებარე სამშენებლო ობიექტებს. ამ დროის მონაცემებით, შემოწმებულია 24 ობიექტი. მშენებლობა შეუჩერდა 11 კომპანიას.