თბილისში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
თბილისში ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი – 1999 წელს დაბადებული ნ.ლ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ლ.-მ თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა, ფული და პირადი ნივთები გასტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაძარცვი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი საფულე, ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.