თბილისში, დიღომში 16 წლის მოზარდი დანით დაჭრეს
თბილისში, დიღომში 16 წლის მოზარდი დანით დაჭრეს

თბილისში, დიღომში 16 წლის მოზარდი დანით დაჭრეს. მოზარდი მძიმე მდგომარეობაში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ტარდებოდა. მოზარდს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, თუმცა, ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი უკვე დააკავა. 1998 წელს დაბადებული რ.ჩ. დაკავებულია  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. აღნიშნული დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში, 2002 წელს დაბადებულ შ.ჯ.-ს ბასრი საგნით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან სამ საათში დააკავეს.

ინციდენტი მოზარდების შორის ბანქოს თამაშის დროს შელაპარაკებას მოჰყვა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.