თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიხსნება
თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიხსნება

თბილისში დღეს დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიხსნება. ყოველწლიურ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხება მაღალპროფილური დიასპორის ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებასა და დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების ირგვლივ მსჯელობას.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ გაიმართება ვიწრო თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარების, სახალხო დიპლომატიის და სხვა მიმართულებით, რა დროსაც დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და გაუზიარონ შეხვედრის სხვა მონაწილეებს ამა თუ იმ სფეროში პროფესიული გამოცდილება.

„აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს დიასპორასთან დაკავშირებით სამინისტროს განსახორციელებელ სამომავლო პროექტებსა და გეგმებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, კერძოდ, დიასპორის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალის.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 400-მდე სტუმარი, მათ შორის დიასპორის 120 წარმომადგენელი 25 ქვეყნიდან. ფორუმი 27-28 მაისს თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გაიმართება.