თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ
თბილისში დამატებითი ქუჩები განისაზღვრება, სადაც მიკროავტობუსები გაჩერებას მხოლოდ კონკრეტულ ადგილებზე შეძლებენ

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნება.

გარდა ამისა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს შერჩეულ ქუჩებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სთხოვა.

„გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი. შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს სხვადასხვა ადგილას გაჩერება ეკრძალებათ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გაჩერებებზე, მოსაცდელებში აქვთ უფლება, მგზავრი ჩამოსვან და აიყვანონ. ეს ყველაფერი მოძრაობისა და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერების ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ. ამავდროულად, მინდა, მამუკა მუმლაძეს დავავალო, ვიდრე ქუჩების შერჩევას დაიწყებთ, ინფრასტრუქტურის მომზადება დაიწყოთ. ვგულისხმობ დამატებითი გაჩერებების მოწყობას, რათა მოცულობა გაიზარდოს და მიკროავტობუსებისთვის მზავრების აყვანა და ჩამოსმა უფრო მარტივად იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, სპეციალური ფორმები შეიკეროს MAN-ის ფირმის ავტობუსების მძღოლებისთვის, რომლებიც ქალაქში თებერვლიდან ეტაპობრივად შემოვა.