თბილისში დამატებით 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს
თბილისში დამატებით 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა. რვამეტრიანი, ევრო ექვსი სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით რვა მარშრუტზე გადანაწილდება.

ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება:

N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მეოთხე მიკრორაიონი
N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება
N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი
N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი
N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგურიღრმაღელე
N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება
N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა
N99 – მეტროსადგურიდელისი“ – ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონი

უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი შეემატება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც WiFi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებას აქვს ანტივანდალური ვიდეომონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე USB-დასამუხტები.

გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში სულ 220 ერთეული „ისუზუსა“ და 90 ერთეული „მანის“ მარკის ავტობუსები შეისყიდა.