თბილისში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას აპოლონ ჯინჭარაძის სახელი მიენიჭა
თბილისში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას აპოლონ ჯინჭარაძის სახელი მიენიჭა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ქართველი მეცნიერის, მოლეკულური ბიოლოგის, გენეტიკოსის, აპოლონ ჯინჭარაძის სახელი მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ მიიღო.

„ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის, აპოლონ ჯინჭარაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება“, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აწერს ხელს.

აპოლონ ჯინჭარაძე 1961 წლის 6 იანვარს დაიბადა. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოსკოვში, ენგელჰარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას აღმოაჩინა და დაამუშავა „გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი“ (ე.წ. „დნმ-ის ტესტი“). 1988 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ნაშრომები ფართოდ გამოიყენება სასამართლო მედიცინასა და მეცხოველეობაში. აპოლონ ჯინჭარაძე 1989 წელს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.