თბილისში ბუნებრივი გაზის ბეჭდური ქვითრები ელექტრონულით შეიცვლება
თბილისში ბუნებრივი გაზის ბეჭდური ქვითრები ელექტრონულით შეიცვლება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ბეჭდურ ქვითრებს ელექტრონულით ჩაანაცვლებს.

კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული, „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბეჭდური ქვითრების პარალელურად მუდმივად ახორციელებდა აბონენტების ინფორმირებას ტექსტური სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.

ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბეჭდური ქვითრები სრულად ჩანაცვლდება ელექტრონულით. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის.

ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლის შესაძლებლობა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყველა აბონენტს ექნება. ამისთვის, საჭიროა აბონენტების  წერილობითი თანხმობა. პირველ ეტაპზე, ელექტრონული ქვითრების მომსახურებით მხოლოდ ის აბონენტები ისარგებლებენ, რომლებმაც მსგავს მომსახურებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადეს. თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებლები ქვითარს როგორც ტექსტური სატელეფონო შეტყობინებით, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

მოცემულ ეტაპზე, ელექტრონულ ქვითრებით მათივე თანხმობით დედაქალაქში 100 000-მდე აბონენტი ისარგებლებს. კომპანია მსგავსი ფორმით მომსახურებაზე სრულად გადასვლას წლის ბოლომდე გეგმავს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მადლობას უხდის ყველა იმ აბონენტს,  რომელმაც ელექტრონული ქვითრებით მომსახურებაზე თანხმობა განაცხადა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მსგავსი მომსახურებით ქაღალდის ეკონომია მოხდება, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება  ეკოლოგიის  მხრივაც ძალიან  მნიშვნელოვანია.