თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა „დამზადებულია ბელარუსში“ (made in Belarus) მიმდინარეობს.

გამოფენა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიაში“ ტარდება.

გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, მიხაილ რუსმა.

ღონისძიების ფარგლებში საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარადგინა, რომელთა ნაწილი ქართულ ბაზარზე უკვე დამკვიდრებულია.

გამოფენაზე წარდგენილი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: ნავთობქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული ნაწარმი და სამედიცინო სერვისები, სამშენებლოს მასალები და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები, ასევე მომსახურების სფერო და განათლება.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს სხდომა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა გახსნა. საბჭოს სხდომაში  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სერგეი ნაშებკო მონაწილეობდნენ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, საქმიანი საბჭოს ფარგლებში 14 ქართულმა და 14 ბელარუსულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2 806 780 აშშ დოლარია. მხარეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა მსხვილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, ლიფტებზე, ქართული ჩაის ექსპორტზე და სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაზე. ასევე გაფორმდა შეთანხმებები სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის კუთხით.