თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია
თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

30 სექტემბრის 09:00 საათამდე თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იქნება. ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, საავტომობილო მოძრაობა 30 სექტემბერს აღდგება.

„იმის გამო, რომ სპეციალურ ასფალტს ვაგებთ, რომელიც მოდიფიცირებულია, უწყვეტ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. შესაბამისად, კომპანიამ მოითხოვა, რომ ორი დღის განმავლობაში, ქუჩა დროებით ჩაკეტილიყო. ბოლო ეტაპი კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება – ტროტუარი, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათებები მოეწყობა. აღნიშნული გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ახლა კი, ქალაქში ერთ-ერთი ლამაზი, განახლებული ქუჩა გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო არეალში ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება დასრულდება და სავალი ნაწილი 30 სექტემბრისთვის გაიხსნება. დარჩენილი სამუშაოები მხოლოდ ტროტუარზე იწარმოებს, რაც ავტომანქანების გადაადგილებას ხელს არ შეუშლის.

საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის გარდა, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები:

N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „ისნამდე“ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, იმოძრავებს ნავთლუღის, გულუასა და გორგასლის ქუჩების გავლით.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი სხვა ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა, ხოლო მიკროავტობუსები – ბარათაშვილის ქუჩიდან ჯერ გორგასლის ქუჩაზე ჩაუხვევენ, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ბარათაშვილის აღმართის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 24 ივლისიდან დაიწყო. პროექტი სანიაღვრე ქსელის აღდგენას, სადრენაჟო სისტემის, ბაზალტის ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობას, ასევე, ახალი მოაჯირებისა და დეკორატიული სანათების მონტაჟს ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს და მის განსახორციელებლად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება.