თბილისში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 102-ე წლისთავს აღნიშნავენ
თბილისში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 102-ე წლისთავს აღნიშნავენ

თბილისში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 102-ე წლისთავს აღნიშნავენ. აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ (SOCAR Energy Georgia) გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა, აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) წევრებმა და სხვა პირებმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში ეროვნული ლიდერის ბიუსტი მოინახულეს და ის ყვავილებით შეამკეს.

ისინი ასევე ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების, ფატალი ხან ხოსკისა და ჰასან ბეი აგაევის საფლავები.

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აზერბაიჯანის საელჩოს შენობის წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ დაფაზე აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი იყო წარმოდგენილი.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და თანამედროვე აზერბაიჯანის შესახებ 15-წუთიანი ვიდეორგოლი დღის განმავლობაში იქნება ნაჩვენები.

საღამოს საათებში, თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება.