თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე. აშშ-ის მხრიდან – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საკითხებში ალიშა ვუდვარდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიებლერი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში როს ვილსონი.

როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობის ჩართულობის საკითხები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები.

„შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს განათლების სფეროს ყველა დონეზე რეფორმების გატარების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განხორციელებული პროექტები და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ამ მიმართულებით შემდგომშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის მხარე და მათ შორის, საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს განათლების სისტემის სტუდენტებზე და ხარისხიანი სწავლების მოდელზე ორიენტირებულ სისტემაზე ტრანსფორმაცია, რომელიც ფოკუსირებული იქნება კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავებაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პროფესიული განათლების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე, გაცვლითი პროგრამების და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენების გზით.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. აშშ-ის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ქმედებების თაობაზე. თავის მხრივ, აშშ-ის მხარემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მთავრობის ძალისხმევისადმი, გაზარდოს საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირების ჩართულობა და სხვადასხვა მომსახურებებისა და სიკეთეების მათზე განვრცობის შესაძლებლობა. მხარეებმა მხარდაჭერა გამოხატეს ნდობის აღდგენის ღონისძიებების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას, მშვიდობის დამყარებასა და შერიგების მიმართულებით პროგრესის მიღწევას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხალხთაშორისი ჩართულობა ღირებული და მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შერიგების პროცესის წინსვლისათვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობითვე, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა ისეთ გამოწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებას ყველა სახელისუფლებლო სტრუქტურაში. მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობები და კონკრეტული გეგმები.

განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ჯანდაცვის სფერო წარმოადგენდა. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სერვისებისა და ჯანდაცვის სექტორის რეფორმების გზაზე მიღწეულ პროგრესს. ამერიკულმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს აქტიური ჩართულობის გამო ,,გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების დღის წესრიგის“ ინიციატივაში და მადლიერება გამოხატა ამ კუთხით მრავალწლიან პარტნიორობასთან დაკავშირებით. აღინიშნა C ჰეპატიტის ელიმინაციის საქმეში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

მხარეებმა ასევე განიხილეს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ისეთი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობისკენ. საუბარი შეეხო ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების განხორციელების საკითხებს ქართულ და ამერიკულ ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზაციებს შორის.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ალიშა ვუდვარდმა აღნიშნა, რომ შეხვედრა წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას განახლდეს საქართველოსთან აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა მთელ რიგ საკვანძო საკითხებზე, მათ შორის, ხალხთაშორის კონტაქტების, განათლების, სტრატეგიული კომუნიკაციის, გაცვლების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის, მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით.

„ჩვენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე ვიმსჯელეთ და ვფიქრობ, რომ განვსაზღვრეთ ის სფეროები, რომლებშიც შეგვიძლია, შემდგომშიც ვითანამშრომლოთ. შეხვედრაზე შედგა შესანიშნავი დისკუსია, ჩვენ დავადასტურეთ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა და ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოს პროგრესი უფრო სტაბილურ, წარმატებულ და დინამიურ დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების გზაზე,“ – განაცხადა ვუდვარდმა.