თბილისში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს
თბილისში არსებული გრძელი სამარშრუტო ხაზები შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

დედაქალაქში არსებულ გრძელ მარშრუტებზე მოძრავ ტრანსპორტს შესაძლოა, უახლოეს მომავალში სამოძრაო არეალი შეუმცირდეთ, – ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ისაუბრეს, სადაც თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე იყო საუბარი.

სხდომაზე კომპანია „სისტრამ“ საკუთარი პროექტი წარადგინა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა, საუბარია როგორც დედაქალაქში, ისე დედაქალაქთან ახლომდებარე არეალზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ასმათ აბესაძე აცხადებს, გადაჯდომის წერტილები დადგინდება რუსთავი-თბილისის მარშრუტზეც, მგზავრებს შესაძლებლობა ექნება, რომ სხვა ტრანსპორტის საშუალებით გააგრძელონ გზა.

„მაქსიმალურად კომფორტული უნდა გავხადოთ მგზავრების ჩამოსვლა როგორც მცხეთიდან თბილისში, ასევე რუსთავიდან, გარდაბნიდან. საუბარია იმაზე, სად უნდა იყოს გადაჯდომის სადგური. ის, რომ რუსთავიდან თბილისამდე მგზავრი უნდა ჩამოვიდეს კომფორტულად, ამაზე არავინ დაობს. საუბარია, რამდენად ღრმად უნდა შემოვიდეს რუსთავიდან მომავალი ესა თუ ის მარშრუტი თბილისში, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. ეს ასევე შეეხება თბილისში მოძრავ გრძელ მარშრუტებსაც. დადგინდება წერილები, სადაც მგზავრები კომფორტულად გადაჯდებიან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს შეიძლება იყოს ავტობუსი, მეტრო ან ტაქსი, ეს მგზავრის არჩევანია. ქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობა რომ გადასალაგებელია, ეს ფაქტია”, – განაცხადა აბესაძემ.