თბილისში ანგარიშის „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში ანგარიშის „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრმა ხუთი ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიშის – „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, ანგარიში მიზნად ისახავს, ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციაზე დაწყებულ გამოძიებაზე, მის მიმდინარეობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე.

ანგარიში ასევე ასახავს დაზარალებულთა ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ.

ანგარიშის მომზადების მიზნებისთვის, საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა დევნილთა 36 დასახლებაში მცხოვრები 2 400 დევნილი ოჯახი. გამოკითხულ დევნილთა უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აშენებულ სპეციალურ კოტეჯებში, ყოფილი სასწავლო დაწესებულების ან/და სამხედრო დანაყოფების ტერიტორიაზე ცხოვრობს.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ცაგარეიშვილმა განმარტა, დევნილთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„ჩვენ დაახლოებით 2 400 დევნილთა ოჯახი გამოვკითხეთ. დევნილთა 36 დასახლებაში მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი იმყოფებიან ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. მძიმეა მათი საყოფაცხოვრებო პირობები. მათ პრობლემები აქვთ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს დასაქმების შესაძლებლობების არარსებობა. ასევე პრობლემაა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით. შეიძლება ითქვას, დევნილებს მთელი რიგი ფუნდამენტური უფლებები ეზღუდებათ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გამო“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ანგარიშის შედეგად გამოიკვეთა, რომ დევნილთა დასახლებებში მძიმეა ყოველდღიური პირობები ტრანსპორტირების, საგზაო თუ საირიგაციო ინფრასტრუქტურის, სამედიცინო სერვისებზე, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო. გამოკითხულ დევნილთა მხოლოდ 0,02% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახს არანაირი პრობლემა არ აწუხებს.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, ანგარიშის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დაზარალებულთა ნაწილს საერთოდ არ გააჩნია ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ, ხოლო დაზარალებულთა მეორე ნაწილს არასწორი წარმოდგენა აქვს სასამართლოს შესახებ, მათ შორის, მათი მოლოდინი ძირითადად უკავშირდება სასამართლოსგან კომპენსაციის მიღებას ან/და სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას.

მათივე ცნობით, სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების დაწყებიდან დღემდე სამ წელზე მეტი გავიდა. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემად რჩება სასამართლოს პროკურორის ოფისის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებისა და დაზარალებული თემისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობა. გარდა ამისა, გამოძიება მნიშვნელოვნად ჭიანურდება თითქმის ყველა იმ სიტუაციასთან შედარებით, რომელიც სასამართლოს ამ დრომდე განუხილავს. გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე ათ წელზე მეტი გავიდა, ამ პერიოდში კი არაერთი დაზარალებული გარდაიცვალა და მტკიცებულებები განადგურდა.

სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ასევე, წარმოადგენს რუსეთის უარი თანამშრომლობაზე. უარის არსებობის პირობებში კი მაღალია რისკი, რომ პროკურორის ოფისის მიერ ვერ მოხდება სრულყოფილი გამოძიების წარმოება.

ამასთან, ანგარიშმა გამოკვეთა, რომ საქართველოს ეროვნული საგამოძიებო ორგანოები მხოლოდ დაზარალებულთა მცირე რაოდენობას დაუკავშირდა აგვისტოს ომიდან დღემდე, შესაბამისად, დაზარალებულთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებისა და აღნიშნულ პროცესში მათი უფლებების შესახებ.