თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა
თბილისში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა

თბილისში, მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელიც წელს მეათედ აღინიშნა. ახალი ღვინის ფესტივალში სულ 250 ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფესტივალზე დასასწრებად საქართველოს მსოფლიოს 13 ქვეყნიდან ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, იმპორტიორები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები ეწვიენ. ფესტივალი საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

„წლევანდელი ფესტივალი გამოირჩევა ხალხმრავლობით. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბევრი უცხოელი ღვინის პროფესიონალი ეწვია საქართველოს საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნიდან. ისინი დღეს ეცნობიან ქართულ ღვინოს და ღვინის კულტურას. ეს ფესტივალი სწორედ ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის ზრდას ემსახურება“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ფესტივალი ტრადიციულად ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ქვევრში წელს ღვინის კლუბის მიერ შერჩეული, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ტელეფაში დაყენებული ოცხანური საფერე იყო, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ფესტივალის სტუმრებს მიეცათ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ჯიშის ღვინო.

დატოვე კომენტარი