თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა გაიხსნება
თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა გაიხსნება

თბილისში დღეს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა გაიხსნება.

სკოლას საზეიმო ვითარებაში გახსნიან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ეს არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ექვსი ქვეყნიდან ისწავლიან და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის განათლებას მიიღებენ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელშიც ისწავლის აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის 30 მოსწავლე, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით და მკაცრი შერჩევის შედეგად, დამსახურებულად მოიპოვეს სტიპენდიები. 16–17 წლის მოსწავლეებს სკოლა შესთავაზებს მაღალი ხარისხის საბაკალავრო განათლებას და სწავლის შესაძლებლობას მრავალენოვან, მულტიკულტურულ გარემოში, ინოვაციური აკადემიური კურსებისა და კლასგარეშე აქტივობების საშუალებით“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სწავლის დასასრულს მოსწავლეები მიიღებენ ბაკალავრიატის საერთაშორისო დიპლომს ევროპულ კვლევებში.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. ევროკომისარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მოსწავლეებს არაოფიციალურ გარემოში შეხვდა. მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ, იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა, სადაც უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს შეხვდა. ევროკომისარი ჰანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს.