თბილისში აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე
თბილისში აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე

თბილისში დღეს აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე 2018.

საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით, ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ პროექტის მხარდაჭერითა (ACCESS) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით 10:00-დან 12:00 საათამდე სიმბოლურ ველოგარბენს გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ველოგარბენი ​ 10:00 საათზე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს სტარტს, ნაკადი გააგრძელებს სვლას და გარბენი დასრულდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე. გარბენის დასრულებისას საჯარო პირები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ველომრბოლელები, ევროკავშირისა და გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლობის ელჩები საქართველოში.

საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე ევროკომისიამ 2000 წელს დააარსა და მას შემდეგ, აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღის მიზანი ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციაა.

დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან იარონ ფეხით.

დღევანდელი ველოგარბენის თანაორგანიზატორები და პარტნიორები არიან ახალი საზოგადოება, ეკოლოგიკა, პარტნორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, იარე ფეხით, სიდა, ზეკარი.