თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გრძელდება
თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გრძელდება

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“  გრძელდება. 10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

გარდა ამისა, სიტყვით გამოვლენ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი და SRCIC-ის თავმჯდომარე ლუ ჯიანჟონგი.

10:15 საათზე დაიწყება დისკუსია  „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ (2 სესია – საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები; საქართველო – რეგიონალური საზღვარი გლობალური ინვესტიციებისთვის). დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ 28 ნოემბერს გაიხსნა.

2017 წლის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი.

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმში“ ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები, კერძოდ, ბიზნესსექტორის 1100 წარმომადგენელი, მათ შორის 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ 100-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს – როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: Euronews, BBC, Bloomberg, Deutsche Welle, The Economist, Al Jazeera, The Guardian და ა.შ.