თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიისას დაღუპულებს იხსენებენ
თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან ტრაგედიისას დაღუპულებს იხსენებენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან და 30 წლის წინ მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულებს იხსენებენ.

მემორიალთან მთელი ღამის განმავლობაში მიდიან 9 აპრილის აქციის მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები. ისინი გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ და მემორიალს გვირგვინებით ამკობენ.

როგორც 9 აპრილის აქციის მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, დღევანდელი დღე მათთვის ისეთივე მტკივნეულია, როგორც 30 წლის წინ.

9 აპრილის მემორიალთან სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.