თბილისში 27-28 მაისს დიასპორის ფორუმი გაიმართება
თბილისში 27-28 მაისს დიასპორის ფორუმი გაიმართება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს საზღვარგარეთ ქართული დიასპორა საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დიასპორული ორგანიზაციებისა და საქართველოს საელჩოების ჩართულობით, იგეგმება 100-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება.

„თბილისში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ვუმასპინძლებთ დიასპორის შთამომავლებს. დაგეგმილია მათი მონაწილეობა 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში, ასევე შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლებთან, დიასპორის წარმომადგენლები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, 27 მაისს აღინიშნება დიასპორის დღე, რომლის ფარგლებშიც 27-28 მაისს გაიმართება დიასპორის ფორუმი, ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 300-მდე დიასპორის წარმომადგენელი ეწვევა.

ამასთან, საქართველოს ისტორიის აღნიშნული პერიოდის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში 26 მაისამდე პერიოდში გაიმართება საჯარო ლექციები, ისტორიული მასალების ფოტო გამოფენები და ღია კარის დღეები დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

„ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, სხვადასხვა ღონისძიებებით ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებში ამ პერიოდის საქართველოს საგარეო პოლიტიკური საკითხებისადმი ინტერესის ამაღლებას და შესწავლას, დაგეგმილია პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის თემაზე ესსეების კონკურსის გამოცხადება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, საიუბილეო თარიღი საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიება.

ამასთან,  მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოსთან მეგობრობის სიმბოლოდ განთავსდება მემორიალური დაფები, უმაღლეს სასწავლებლებში გაიხსნება ქართული კუთხეები, უშუალოდ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებით განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირშესანიშნაობები, იგეგმება საქართველოს სახელობის ქუჩის გახსნა ვილნიუსში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციები და საგაზეთო სტატია.

დატოვე კომენტარი