თბილისში 24 ოქტომბრიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება
თბილისში 24 ოქტომბრიდან პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება

დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელი წარადგინა. როგორც ვიცე-მერმა განაცხადა, მიმდინარეობს ათი სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა. პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა თითოეული დერეფნის მარშრუტის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.

მარშრუტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი N 301 – პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 332 – ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 385 – ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს შვიდი ავტობუსი ექვსწუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 334 – წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს რვა ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საუბნო მარშრუტი N 401 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს სამი მიკროავტობუსი ხუთწუთიანი ინტერვალით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო.

2020 წლის 24 ოქტომბერს ახალი მარშრუტები ემატება დღეისათვის მოძრავ მარშრუტებს; ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებში და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე; ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქმედებს მიკროავტობუსების ბაზარზე სისტემა, სადაც მძღოლის შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ გაივლის მარშრუტს. შესაბამისად, ხდება გრაფიკიდან გადაცდომა. ყველას გვისარგებლია მიკროავტობუსით და მგზავრების რაოდენობა ყოველთვის არის გადაჭარბებული. ჩვენ მიკროავტობუსებში, რომელიც ახალი სისტემით იმოძრავებს, ხელფასს მივცემთ ფიქსირებულად, ხოლო გრაფიკიდან გადაცდომასა და მგზავრების რაოდენობას გავაკონტროლებთბ GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში: უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება.