თბილისში 16-წლამდე ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა #1TVSPORT
თბილისში 16-წლამდე ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა #1TVSPORT

თბილისში გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში 16-წლამდელთა შორის. პირველ დღეს ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთი იყო, რომელმაც 73:98 გაიმარჯვა.

ესპანელებმა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს მცირე უპირატესობა, 10 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე პერიოდში საკუთარი თამაში იპოვა, ჩაჭრას ჩაჭრა მიაყოლა და ანგარიშიც გაათანაბრა.

გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენმა მეტოქემ 31:14 მოიგო. ამის შემდეგ სტუმრებს ტემპი აღარ დაუგდიათ და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში გამთამაშებელი საბა პატაშური გამოირჩა, რომელიც საქართველოში „ჰიუნდაის“ ღირსებას იცავს. მის ანგარიშზე 18 ქულა, 5 პასი და 7 ჩაჭრაა.

აკადემიელმა დავით ტრაპაიძემ მატჩი 23 ქულით დაასრულა, რომელმაც 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. 12 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა ლუკა ფოჩხუას.

ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი როხე ვილარეხომ და დარიო პარამ ჩააგდეს – 13-13 ქულა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ხვალ, 9 აგვისტოს გამართავს. მისი მეტოქე გერმანია იქნება. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.