თბილისსა და რიგას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება
თბილისსა და რიგას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკვე დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია „ეარ ბალტიკს“ (airBaltic) შორის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბალტიის სამი სახელმწიფო ხუთი ევროპული ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც საქართველოს უპირობოდ აქვს საზღვარი გახსნილი.

„ამით, როგორც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება,  ესტუმრონ ბალტიის ქვეყნებს, ასევე ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი სტუმრები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება შედგა ფრენის სიხშირეებთან დაკავშირებით. 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შესრულდება კვირაში ერთი ფრენა, რაც გამართლებულია ეპოდემიოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ, თუკი „კოვიდთან“ დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, კვირაში  ორი ფრენა შესრულდება,“ – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენებიც უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

ამასთან, 2020 წლის აგვისტოდან განახლდება რეგულარული ფრენები მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით, რომელთაც, შესაბამისად, „ლუფტჰანზა“, „ეარ ფრანსი“ და „ეარ ბალტიკი“ შეასრულებენ.

დატოვე კომენტარი