თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

10:28, 16.11.2026

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: შვიდი პისტოლეტი, რევოლვერი, ხელყუმბარები, მჭიდები და რამდენიმე ასეული ვაზნა.

სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი