თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე სამი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე სამი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე პირველი ივნისიდან სამი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

პირველი ივნისიდან 3 ივნისის ჩათვლით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დროს გაირეცხება ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავები, რაც დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გარეცხვითი სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც აღნიშნულ პერიოდში ზაჰესისა და ორთაჭალჰესის გაჩერებას გამოიწვევს. ამასთან, ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად განხორციელდება. შედეგად, თბილისში და მცხეთაში, მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც კომპანიის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურების ეფექტიან მუშაობას უწყობს ხელს.