თბილისსა და მადრიდს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს
თბილისსა და მადრიდს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე მადრიდში ავიაკომპანია „სვიფტეარის“ (Swiftair) წარმომადგენლებს შეხვდნენ. „სვიფტეარი“ ესპანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია „ეარ ევროპას“ (Air Europa) პარტნიორია.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ესპანური ავიაკომპანიის ხელმძღვანელები საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდნენ. ავიაკომპანია „სვიფტეარისა“ და „ეარ ევროპას“ პარტნიორობით მადრიდი-თბილისი-მადრიდის მიმართულებით ავიარეისების შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით თემის შესწავლა დაიწყო. სამუშაო პროცესში ჩართულია ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო.

„ესპანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ახალი ტურისტული ბაზარია. როგორც იცით, ესპანელი ტურისტები გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით, სწორედ ამიტომ ჩვენ ესპანეთში აქტიური კამპანია დავიწყეთ. მადრიდში ესპანეთის წამყვანი ტუროპერატორებისათვის ჩვენ პრეზენტაციები გავმართეთ, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას, რაც თავის მხრივ სტიმულია საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის მიმართულებით. ჩვენ შევხვდით ესპანეთის ავიაკომპანიების წარმომადგენლებს. დაინტერესება არის ძალიან დიდი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.