თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა
თბილისს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს დღეს სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ეწვევა, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კერსტი კალიულაიდი ვიზიტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შემკობის ცერემონიით დაიწყებს და პატივს მიაგებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

ესტონეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

გიორგი მარგველაშვილის სახელით, ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილი გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტ კალიულაიდის ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ  ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, ჩვენს პარტნიორთან იმ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა, რომლებიც კოორდინირებულად უნდა გადაიდგას, ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაში, რომელიც მიმდინარეობს ამჟამად თბილისში, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება სწორედ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მის შემდგომ განვითარებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე“, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.