თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა
თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.

თბილისში, 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღინისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავს.

გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა და მადლობა გადაუხადა ანდჟეი დუდას გაერო-ში მიმდინარე განხილვებში საქართველოს მხარდაჭერისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციასა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შედგა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკაზე გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა მისი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პოლონეთისაგან”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას.

პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.