ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე ევროპის ჩემპიონის, დავით კვაჭაძის სახელობის კრივის მესამე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. დასკვნით დღეს, 20 აპრილს, ფინალური ორთაბრძოლები 10 წონით კატეგორიაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირში შვიდი ქვეყნის უფროსი ასაკის მოკრივეებმა იასპარეზეს, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა. ქართველი მოკრივეების გარდა მედლებისთვის აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინისა და ჩეხეთის წარმომადგენლები იბრძოდნენ.
ტურნირი, რომელიც ბ კატეგორიისაა და შეტანილია ევროპის კრივის ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში, საზეიმოდ 16 აპრილს გაიხსნა. ცერემონიას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო. სპორტსმენებსა და გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონმა დავით კვაჭაძემ მიმართა.