თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 21 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 21 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით, 21 პაციენტთან დაკავშირებით კორონავირუსზე ტესტის პასუხები უკვე მიიღეს და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ჯამში 46 პაციენტი იმყოფება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 46 პაციენტი. სტაციონარში მოთავსდა 19 პაციენტი. ჩვენ ველოდებოდით 21 პასუხს. 21 პაციენტის სინჯი იყო გაგზავნილი. საბედნიეროდ, ყველა არის უარყოფითი, ანუ ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა. უმეტესობა პაციენტების მდგომარეობისა არის სტაბილური“, – განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

მისივე თქმით, 46 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

„ეს სიმძიმე არ არის ვირუსის გამო, ეს სიმძიმე არის თანმხლები დაავადებების გართულებებით. საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები აქვთ ამ პაციენტებს. მიმდინარეობს მკურნალობა. რაც შეეხება ახალ ავადმყოფებს, დღეს უკვე გვქონდა დილიდან კომუნიკაცია, მათთან ერთად გადავწყვეტთ აუცილებლობას და ანალიზის ჩატარების საჭიროებას, პაციენტის მდგომარეობიდან და მისი ჩივილებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კახა ბეროზაშვილმა.

ჯერჯერობით, კლინიკაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით არცერთი პაციენტი არ წევს. ერთი ადამიანი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, სხვა სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.