თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რატომ არ დაიკითხა დაუყოვნებლივ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე წითელი მანქანის მფლობელი 
თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რატომ არ დაიკითხა დაუყოვნებლივ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე წითელი მანქანის მფლობელი 

თბილისის ყოფილი პროკურორის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, წითელი მანქანის მეპატრონე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მომხდარიდან მალევე მიიყვანეს.

ამის შესახებ შაყულაშვილმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. კომისიის წევრებმა ჰკითხეს, რატომ არ დაიკითხა დაუყონებლივ მოწმე, წითელი მანქანის მფლობელი.

პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც დაინტერესდა აღნიშნული მოწმის შესახებ, დაუკავშირდა პოლიციის უფროსს, რომელმაც უთხრა, რომ საგამოძიებო უწყებაში სამართალდამცველები აღნიშნული მოწმისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ.

„პირველი დღიდან ტელევიზიაში ტრიალებდა და მაქედან გახდა ჩემთვის ცნობილი წითელი ჯიპის პატრონი და ამ თემის მუსირება. დამაინტერესა ეს ადამიანი დაკითხული იყო თუ არა, რაზეც დავურეკე პოლიციის უფროსს და ვკითხე, დაკითხული იყო თუ არა წითელი ჯიპის პატრონი. მპასუხობს, რომ წითელი ჯიპის პატრონი საათებია უკვე აქ გვყავს, ვარწმუნებთ, რომ რაღაცა თქვას.

თქვენც დარწმუნდით ალბათ, რა თქვა და რა არ თქვა. ამის შემდეგ პოლიციის უფროსი მთავაზობს ასეთ წინადადებას პირადად მე, მოდით მიშა, ეს ადამიანი ახლა გავუშვათ, შევეცდები ოპერატიულად ჩავატარო მოქმედებები, რომ გადარწმუნდეს ეს ადამიანი და იქნება გვითხრას, რაღაცა და გაუშვეს, რადგან არ გაორებულიყო ჩვენებები.

ერთი დაგვეკითხა პირველ დღეს, მერე დაგვეკითხა შემდგომ და განსხვავებები რომ არ ყოფილიყო ჩვენებებში. 18 დღის მანძილზე მიმდინარეობდა ოპერატიული მუშაობა, მათ შორის მინისტრიც კი გამოვიდა და მოუწოდა მოქალაქეებს, მიეცათ ჩვენებები, დახმარებოდნენ გამოძიებას. შემდგომში ვეღარაფერი რომ ვერ გავაკეთეთ, 18 რიცხვში დაიკითხა წითელი მანქანის მეპატრონე, მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი“,- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილმა გასულ კვირას გამოკითხეს.