თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ია ანთაძის წიგნის, „საინტერესო ადამიანების“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ია ანთაძის წიგნის, „საინტერესო ადამიანების“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ია ანთაძის წიგნის, „საინტერესო ადამიანების“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანების ინტერვიუებია თავმოყრილი.

ავტორის განმარტებით, კრებულში მოხვდა ის 33 ნამუშევარი, რომელსაც 10 000-ზე მეტი წამკითხველი ჰყავდა.

„საინტერესო ადამიანები“ საქართველოს პირველი არხის პროექტია და მისი წიგნად ქცევა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გამომცემლობა „სეზანის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს პირველი არხი აღნიშნული პროექტით კმაყოფილია და გამომცემლობა „სეზანთან“ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

„ვფიქრობ, პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნოა მსგავსი პრეზენტაცია ღია სივრცეში, წიგნის წარდგენა, რომლის თანამონაწილეა საქართველოს პირველი არხი. დღეს ძალიან ბევრი შეფასება გაისმა იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინტერვიუები. ამ წიგნს რომ წაიკითხავთ, მგონი, ჩემი კომენტარიც არ გახდება საჭირო, რადგან თითოეული ინტერვიუ არის ცალკე პატარა ნაწარმოები. ყველამ აღნიშნა, რომ ერთგვარად სხვანაირად ხსნის რესპონდენტს და ადამიანს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კარგი ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. საქართველოს პირველი არხი კმაყოფილია ამ პროექტით და აპირებს გამომცემლობა „სეზანთან“ გააგრძელოს ურთიერთობა“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.