თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ფესტივალის ისტორიაში პირველად იღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოს მრავალრიცხოვანი დელეგაციით ესტუმრება და ფესტივალზე საკუთარ სტენდსაც წარადგენს.

ფესტივალი უმასპინძლებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს – ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გამართავენ ღონისძიებებს და შეხვდებიან მკითხველებს.

ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს.

მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულებისთვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია.

ფესტივალი დამთვალიერებლებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მიიღებს.