თბილისის ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული დაიწყებს მორიგეობას
თბილისის ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული დაიწყებს მორიგეობას

თბილისის ტურისტულ ზონებში დღეიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის ეკიპაჟები დაიწყებენ პატრულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივა ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება. ე.წ. ტურისტული პატრულის რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება და 60 ეკიპაჟისგან დაკომპლექტდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ძალოვანი უწყების ინიციატივას პოზიტიურად აფასებენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და არამხოლოდ. უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში თავს უნდა გრძნობდეს კომფორტულად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა, რომ მაქსიმალური უსაფრთხოება, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაადგილდება თბილისის ქუჩებში“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი.

გიორგი გახარიამ ახალი ინიციატივა გასულ კვირაში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დააანონსა. შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, ე.წ. ტურისტული პატრული იქნება ეფექტიანი. მისივე თქმით, პატრული დაიცავს მართლწესრიგს და დაეხმარება ტურისტებს.