თბილისის ტრანსპორტის 15 წლიან გენერალურ გეგმას დანიური კომპანია მოამზადებს
თბილისის ტრანსპორტის 15 წლიან გენერალურ გეგმას დანიური კომპანია მოამზადებს

თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის, იგივე ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე დანიური კომპანია იმუშავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ გაიმარჯვა.

„უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ეს ტრანსპორტის გენერალური გეგმაა, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ. ამ დოკუმენტის შემუშავებისთვის მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“, რომელიც დოკუმენტზე იმუშავებს მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით. ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ტრანსპორტის გენერალური გეგმა იქნება 15 წლიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, ეს იქნება დროში გაწერილი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს – საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების, ასევე ქვეითთა გადაადგილებას.

როგორც კახა კალაძე ამბობს, დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.

„დღეს სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, კონკრეტულად იმ ქუჩებზე ვაკეთებთ ისეთ პროექტებს, სადაც სპეციალური ზოლებია გათვალისწინებული ავტობუსებისთვის, ველობილიკები და ა.შ. ტროტუარების მოწყობა და მოწესრიგება. დოკუმენტში, რომელზეც მუშაობა დაიწყო, მთელი ქალაქის მასშტაბით ეს წინასწარ იქნება გაწერილი და მოცემული პროექტების სახით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ მოგვიწევს ასე ინდივიდუალურად კონკრეტული ქუჩების დაგეგმვა. იქნება 15 წლიანი დოკუმენტი და ერთ დღეს, როდესაც მერიაში არ ვიქნები, ვინც შემდეგი მერი და მერიის თანამშრომელი იქნება, მათ ექნებათ სრული დოკუმენტაცია, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს საცობებისგან განტვირთვას, რაც დედაქალაქისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

„ასევე მოხდება სწორად გადანაწილება ტრანსპორტის. სწორი მოძრაობა შემუშავდება, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს ასევე ფრანგულ კომპანია „სისტრა“.

„ჩვენ ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ასევე მუშაობს ტრანსპორტის მიმართულებით, თუმცა განსხვავება ამ ორ კომპანიას შორის და სამუშაოს შორის არის ის, რომ „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დაგეგმარებას ითვალისწინებს, ხოლო დანიური კომპანია „რამბოლი“ სტრატეგიულ დოკუმენტზე იმუშავებს და მთლიანად ქალაქში მოძრავ ტრანსპორტს მოიცავს, ანუ ყველაფერზე რაც კი მოძრავია, გვექნება სრული ინფორმაცია“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, დოკუმენტის შემუშავებას დაახლოებით, 11 თვე დასჭირდება.