თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა
თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა

დედაქალაქში რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპრივატიზაციო უფლება დედაქალაქის ტერიტორიაზე 15 წლის განმავლობაში, გარე რეკლამების განთავსებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონიდან თბილისის მერია გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, რაც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი ორი დღის წინ გამოვაცხადეთ. დაინტერესებულ პირებს ერთი თვის განმავლობაში, აქვთ შესაძლებლობა, აუქციონთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე მზად არის და თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს, შეგიძლიათ, მოგვმართოთ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. საპრივატიზაციო უფლება 15 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსებას მოიცავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპრივატიზაციო უფლების მოპოვების საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს.

„საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესებული პირი იქნება და ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, უფრო მეტი შემოსავალი ექნება მუნიციპალიტეტს, რაც, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გამოიყენება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დატოვე კომენტარი