თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ორბელიანის მოედანზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე  ბადრი მაისურაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმიტი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე, ბრიტანეთის საბჭოს ფესტივალების და სეზონების დირექტორი რებეკა საიმორი და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, წლიდან წლამდე იზრდება ფესტივალის ფარგლებში ტურისტული მიმართულებით ვიზიტორების რაოდენობა. მისი თქმით, უცხოური და ქართული პროგრამის გარდა, ფესტივალს დაემატა ღია წარმოდგენები, მათ შორისაა, თბილისობის ფარგლებში „მუარე“, რომელიც არის საჰაერო შოუ როკ მუსიკის თანხლებით.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა.  წელს დედაქალაქი უკვე მე-11 თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

როგორც თბილისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წელს ფესტივალი მაყურებლის წინაშე ახალი პროექტებით წარდგება: ფესტივალს დაემატა ახალი მიმართულება არტ-მარკეტი; ბრიტანული სეზონის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის   ფესტივალის პირველი კო-პროდუქცია ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად, რომელიც ღია ცის ქვეშ დაგეგმილი პროგრამის ფარგლებშია.

6 ოქტომბერს თბილისის მერიასთან ერთად  თბილისობის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საჰაერო თეატრი – მუარე გამოცდილება (ესპანეთი, ინგლისი), რომელიც არის აკრობატების საჰაერო შოუ, როკ-მუსიკის თანხლებით. შოუზე დასწრება თავისუფალია.

23 სექტემბერიდან 24 ოქტომბერის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო თეატალურ ფესტივალზე საერთაშორისო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება  15 სპექტაკლი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვადან, შვეიცარიიდან, ისრაელიდან, იტალიიდან ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან. 3 სპექტაკლი გაიმართება პროგრამა NEW-ს ფარგლებში, რომელზეც წარმოდგენილნი იქნებიან იტალია, უკრაინა და ბელარუსი. 

ქართული სპექტაკლების პროგრამა  2-6 ოქტომბერს გაიმართება. მასზე წარმოდგენილი იქნება 26 სპექტაკლი და ხუთი პრემიერა, როგორც დედაქალაქიდან, ისე რეგიონებიდან. ასევე, ნაჩვენები იქნება კრიტიკოსთა ასოციაციის მიერ რეკომენდებული 11 სპექტაკლი.

ქართული სპექტაკლების პროგრამის და არტ მარკეტის ფარგლებში დედაქალაქს  95 საერთაშორისო სტუმარი ეწვევა არგენტინიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, ჩინეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მაკედონიიდან, პაკისტანიდან, პოლონეთიდან,  რუმინეთიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ესტონეთიდან, ირანიდან და ბრაზილიიდან. 

10  წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა უმასპინძლა 170 კომპანიას იტალიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ესტონეთიდან, შვედეთიდან, ირანიდან, კორეიდან, ლიეტუვადან, ჩინეთიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ტაივანიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და უკრაინიდან.  

მერიის ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, ჯონ მალკოვიჩი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, მიხეილ ბარიშნიკოვი,  ალვის ჰერმანესი და სხვა. მათთან ერთად კი კომპანიები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა ახალი და დიდი გზა საერთაშორისო აღიარებისაკენ.