თბილისის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ვილნიუსის ცეკვის თეატრის წარმოდგენა გაიმართება [ფოტო] 
თბილისის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ვილნიუსის ცეკვის თეატრის წარმოდგენა გაიმართება [ფოტო] 

თბილისის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი შოუქეის პროგრამის ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ვილნიუსის ცეკვის თეატრის LOW AIR-ის წარმოდგენა გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში თეატრი ორ წარმოდგენას, „Feel-Link“-ს და „თამაშის დასასრულს” გამართავს.

დღეს და ხვალ, ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს თანამედროვე ცეკვის წარმოდგენები, პროგრამა, რომლითაც თეატრი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.

აირიდა გუდაიტე და ლაურინას ზაკევიჩიუსი ლიტველი მოცეკვავეების და ქორეოგრაფების ახალ თაობას წარმოადგენენ. Feel-Link („გრძნობის ლინკი”) თავისუფალი ურბანული ცეკვის გამოყენებით იკვლევს მათი წყვილის ურთიერთობას და ემოციებს.

Feel-Link პირველი ურბანული/ჰიპ-ჰოპის დადგმა იყო ლიტვაში, ის წარადგინეს ლიტვის პრესტიჟულ ჯილდოზე – სასცენო ოქროს ჯვარზე(წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში), მომდევნო წელს კი, მათ წლის საუკეთესო ქორეოგრაფების წოდება მიანიჭეს.

ნაწარმოების ელექტრონული მუსიკის საუნდტრეკი ნინა სიმონეს დახვეწილ და ვნებიან მელოდიას ენაცვლება, მოცეკვავეები გრძნობების უსასრულო წრეში ეშვებიან და გასაოცარ კულმინაციას აღწევენ.

26 ივნისს ვილნიუსის ცეკვის თეატრი წარმოადგენს ინოვაციურ საცეკვაო ინსტალაციას, როგორც სახვითი ხელოვნების და ცეკვის სინთეზს, რომელიც შექმნილია მწერალ ხულიო კორტასარის ნაწარმოების შთაგონებით.

პერფორმანსი თამაშის გარშემო ტრიალებს და მაყურებელს რეალობის და ოცნებების შერწყმის მოწმეებად აქცევს. მაყურებელი განსაკუთრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და გარშემო მყოფებთან და საკუთარ თავთან განსხვავებულ დამოკიდებულებას ამყარებს. ფიქცია და მაგია მოძრაობის და მზერის განუყოფელი ნაწილები ხდება.

დადგმაზე ახალგაზრდა ხელოვანების ჯგუფი მუშაობდა. ესენი არიან: სცენოგრაფი ლაურინა ლიეპაიტე, განათების დიზაინერი პოვილას ლაურინაიტისი, მუსიკოსი ადას გეჩევიციუსი და მოცეკვავეები აირიდა გუდაიტე და ლაურინას ზაკევიჩიუსი, თუმცა მაყურებელი სცენაზე, ცოცხალი მუსიკის თანხლებით მხოლოდ ორ მოცეკვავეს იხილავს.