თბილისის შვიდ ქუჩაზე სხვადასხვა შენობის კედლები მოიხატება [ფოტო]
თბილისის შვიდ ქუჩაზე სხვადასხვა შენობის კედლები მოიხატება [ფოტო]

ქუჩის ხელოვნების ფესტივალის „ნიკო 2018“ ფარგლებში, თბილისის შვიდ ქუჩაზე სხვადასხვა შენობის კედლები მოიხატება.

ფესტივალის მხარდამჭერი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურია.

მათი ინფორმაციით, კედლები მოიხატება: გ. მაზნიაშვილის ქ. N31-ში, დ. უზნაძის ქ. N54-ში, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტალის N5-ში, ლ. ასათიანის ქ. N25-ში, პეტრიაშვილის ქ. N3/5-ში, თარხნიშვილის ქ. 28/47-სა და ჭოროხის ქ. N4-ში.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მხატვრები. თითოეული კედლის მოხატვა 6–8 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში, 600 კვ/მ–მდე ფართობი მოიხატება.

ამ ეტაპისთვის, უკვე დასრულდა ჭოროხის N4-ში მდებარე კედლის მოხატვა. შემდეგი ლოკაცია კი იქნება დ. უზნაძის ქ. N54-ში, სადაც მოხატვის სამუშაოები 3 ოქტომბერს დაიწყება.

გარდა ამისა, შეიქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფალი ხატვის ზონა“ და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, პროექტში ჩაერთოს. ამისათვის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი ესკიზები, მოსახატი ადგილის ფოტო და დასაბუთება, რატომ სურთ ამ კონკრეტული ესკიზის დახატვა.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, სამი მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაა დაგეგმილი.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი ემსახურება ქალაქის იერსახის განვითარება/გალამაზებას და ახალგაზრდა მხატვრების ხელშეწყობას, რათა საკუთარი ნიჭი წარმოაჩინონ.