თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის, დავით ფაჩულიას განცხადებით, თოვლის გამო თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე „თბილსერვის ჯგუფი“ გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს და იყრება ტექნიკური მარილი.

მისი განმარტებით, ამ ეტაპისთვის 100 ტონაზე მეტი მარილია დაყრილი.

„ცხელი ხაზის, საპატრულო პოლიციის მეშვეობით ვიღებთ ინფორმაციას პრობლემურ ადგილებზე. პრიორიტეტად რჩება ცენტრალური გზები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება. ამ ეტაპისთვის შეფერხებები არ გვაქვს. თუ ინფორმაცია შემოდის, დაუყოვნებლივ არის რეაგირება, იწმინდება გზები და სამუშაოები ნალექის მიხედვით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით ასი ადამიანი, 40 ერთეული სპეცტექნიკა, მობილიზებული გვაქვს მარილი და საჭიროებისამებრ გავაგრძელებთ სამუშაოებს. რეკომენდაცია იგივეა, რომ გაუმართავი ავტომობილებით მოერიდონ ქალაქში გადაადგილებას და ზამთრის საბურავების არმქონე მანქანებმა ორი დღით თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“, – აღნიშნა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.