თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება
თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15 პროცენტით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის – 10 პროცენტით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის – 10 პროცენტით, აღმზრდელის – 20 პროცენტით, აღმზრდელის თანაშემწის – 20 პროცენტით, მუსიკის პედაგოგის – 10 პროცენტით, ცეკვის პედაგოგის – 10 პროცენტით, მზარეულის – 10 პროცენტით, მზარეულის დამხმარის – 10 პროცენტით, დარაჯის/დაცვის – 15 პროცენტით, დამლაგებლის – 10 პროცენტით, მრეცხავის – 10 პროცენტით, საქმის მწარმოებლის – 10 პროცენტით, სპეციალური პედაგოგის – 20 პროცენტით, ფსიქოლოგის – 10 პროცენტით, ლოგოპედის – 10 პროცენტით, ბიბლიოთეკარის – 15 პროცენტით, მუშის – 15 პროცენტით, მებაღის – 15 პროცენტით, მეეზოვის – 15 პროცენტით, დირექტორის – 10 პროცენტით, დირექტორის მოადგილის – კი 10 პროცენტით.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.